ეზოში მდებარე სათავსოში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა მეუღლეს..." - უვადო პატიმრობა მიესაჯა კაცს, რომელმაც ცოლი მოკლა
უზენაესმა სასამართლომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეში მომხდარი ფემიციდის საქმის განხილვა დაასრულა და ძალაში დატოვა ქვემდგომი სასამართლოების გადაწყვეტილებები, რომლებითაც ცოლის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ კაცს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. ინფორმაციას "უფლებები საქართველო" ავრცელებს. სწორედ აღნიშნული ორგანიზაცია იცავდა მოკლული ქალის არასრულწლოვანი შვილებისა და მშობლების ინტერესებს 2022 წლიდან.
საუბარია 2022 წელს მომხდარ ფაქტზე, როდესაც მარიამ აბაზაძეს თავისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში მდებარე სათავსოში, შმაგი ხუნაშვილმა ერთლულიანი სანადირო თოფიდან გასროლის შედეგად, თავის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. მიყენებული ჭრილობების შედეგად მსხვერპლი ქალი კლინიკაში 2022 წლის 23 ნოემბერს გარდაიცვალა.
გარდაცვლილ ქალს 2 შვილი დარჩა. 2025 წლის 21 ივლისს ფემიციდის მსხვერპლის არასრულწლოვანმა შვილებმა "უფლებები საქართველოს" დახმარებით მიმართეს სსიპ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს და 10 ათასი ლარის ოდენობის სახელმწიფო კომპენსაციის მოითხოვეს.
"უფლებები საქართველო“ განაგრძობს არასრულწლოვანების სამართლებრივ წარმომადგენლობას, ვიდრე არ დასრულდება სახელმწიფო კომპენსაციის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება.