ტრაგედია იმ დროს მოხდა, როცა დათო ბაზარში მიდიოდა, ბინა იყიდა და უნდა აღენიშნა… ნანგრევებში მისი სხეულის ნაწილები იპოვეს” – რას ჰყვებიან ვაგზალზე დაღუპულ ბიჭზე
ელოდება სოფლის სახლში… ვერც დედა ჩამოიღებს ცას კივილით.. ვერც მამის ღრიალი შეძრავს სამყაროს… ორივე მათგანი დიდი ხანია, იმიერ სამყაროში არიან. როგორი სამწუხარო და სულის შემძვრელია, რომ ასე ნაადრევად და ტრაგიკულად დათოც იმ გზას დაადგა.
მას თითქმის არავინ ჰყავს… (ოჯახის წევრებს ვგულისხმობ). დარჩა მხოლოდ სოფელი — დათოს მონატრებული სოფელი… და ახლა მთელი სოფელი ელოდება დათოს. სოფელი, სადაც ყოველი ეზოდან ნამტირალევი ხალხი გამოდის… სოფელი, სადაც დათო ყველას ახსოვს – ბავშვობიდან, პატარა, ქერათმიანი, ხუჭუჭა ბიჭი, ვისაც ოდესღაც ხელში აყვანილი დაჰყავდათ. დათოსთვის იქ ყველაფერი მშობლიურია, იქ მისი ბავშვობაა, იცის, რომ იქ ყველას უყვარს და ყველას სტკივა მისი ტკივილი. მის მოლოდინში ახლა იქ მდუმარება იქნება ისეთი, რომ ფოთლების შრიალიც კი ტკივილივით გაისმება. სოფელი იტირებს დათოს ისე, როგორც საკუთარ შვილს – გულით, მთელი ტკივილით, დათოს სული ალბათ იგრძნობს, რომ არ დარჩენილა მარტოდ. სოფელი გახდა მისი უკანასკნელი ოჯახი, უფალმა დაგიმკვიდროს სასუფეველი”, – წერს ჟურნალისტი დალი ბჟალავა.
დათო ბართიას ბიოლოგიური და, 49 წლის ქალი მრავლობითი ტრავმებით კლინიკა “გლობალმედში” იმყოფება. მეორე გარდაცვლილი ქალბატონია, მანანა დარახველიძე. ის, თურმე, იმ შენობის წინ ვაჭრობდა.
“ტრაგედია, რომელიც ჩემს ოჯახს დაატყდა თავს, მტერს არ ვუსურვებ! კახი კალაძე, თბილისის მერია, როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით! დეიდაჩემი, (დედაჩემის და) მანანა დარახველიძე ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა. არ შევაწუხო არავინო და ყინვასა თუ სიცხეში, იდგა თავის პატარა მაღაზიაში, დღეში 20 ლარის გულისთვის! ოცნებად ჰქონდა, წელიწადში ერთხელ მაინც ჩასულიყო რაჭაში, თავის პატარა სახლში და როგორც თვითონ იტყოდა, ფულს მაგისთვის აქუჩებდა, მთელი წლის განმავლობაში! ერთი გაფრთხილება, ერთი პატარა შემორაგული ხის ბარიერი აგვაცილებდა ამ ტრაგედიას თავიდან! როდემდე უნდა გვეშინოდეს სახლიდან გასვლის! სიცოცხლით სავსე, ჯანმრთელი წავიდა დღეს სამსახურში და ახლა მორგში წევს! ვინც მიცნობს, „პანიკიორი“ ხარ, ყველაფრის გეშინიაო, მეუბნებიან! დიახ, მეშინია ბავშვის მაღაზიაში გაგზავნის, იმაზე ფიქრით, რომ არანორმალური სიჩქარით მომავალმა მანქანამ არ გადაუაროს (რამდენიმე წლის წინ სახლში შემომივარდა მანქანა), მეშინია იმაზე ფიქრის, რომ ჩემი მშობლების 16-სართულიან სახლში ლიფტი არ ჩაწყდეს და კიდევ არ აფეთქდეს კორპუსში გაზი, რომლებმაც 2019 წელს კინაღამ მთელი ჩემი ოჯახი შეიწირა! დღეს კი ეს ტრაგედია! იმას აღარ დავწერ, თუ როგორ გვეპყრობოდნენ ჭირისუფლებს, ნორმალურ ქვეყანაში, ალბათ, ჩემს 76 წლის დედას, რომელიც ცოცხალ-მკვდარი, 7 საათიდან ბორდიურზე იჯდა, ათასი ფსიქოლოგ-რეაბილიტოლოგი ეხვეოდა თავს! ისინი კი ძაღლადაც არ გვაგდებდნენ, ათასი ხვეწნის მიუხედავად რამე მაინც ეთქვათ ჩვენთვის! კახი, კარგია მილანში საშოპინგოდ სიარული, დეიდაჩემიც არ იტყოდა უარს, მაგრამ ხანდახან მაინც გაიარე ვაგზლის მოედნის მიდამოებში და ნახე, ხალხი როგორ პირობებში მუშაობს ლუკმა-პურისთვის! და როგორც ჩანს, თავსაც სწირავს ამისთვის! სიცოცხლით სავსე ქალაქში ვცხოვრობთ არა?!” – წერს მაია კობაიძე სოციალურ ქსელში.
როგორც ცნობილია, აქ მაცხოვრებლების ნაწილი დიდი ხანია, ითხოვდა გასახლებას, რადგან სახლი ავარიული იყო. თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის თქმით, შენობას ავარიულობის მესამე ხარისხი ჰქონდა მინიჭებული (საცხოვრებლად საშიში) და მაცხოვრებლებთან მიმდინარეობდა კომუნიკაცია შენობის დაცლაზე, თუმცა ყველა მათგანისგან თანხმობა ვერ მიიღეს. თბილისის მერიის ინფორმაციით, კორპუსის მობინადრეებს დროებით სასტუმროში განათავსებენ. ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესი ეხება თბილისში არსებულ ყველა იმ შენობა-ნაგებობას, რომელთა ავარიულობის ხარისხიც მიეკუთვნება III, IV ან V კატეგორიას ანუ ისეთი დაზიანებულია, რომ მასში ცხოვრება საფრთხის შემცველია. ამგვარ შენობებში მცხოვრებლებს ქალაქმა შეიძლება შესთავაზოს საცხოვრებლად გადასვლა ახალ შენობაში, რომელიც შესაძლოა, იმავე ტერიტორიაზე აშენდეს, სადაც ავარიული სახლი იდგა ან – მის სიახლოვეს. ახალ შენობაში ბინის პატრონი მიიღებს მხოლოდ იმხელა ფართის ბინას, რამხელაც იყო მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართობი: სხვენები, სარდაფები და ავტოფარეხები გათვალისწინებული არ იქნება.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ნიშნავს და ისჯება ჯარიმით ან 2 წლამდე გამასწორებელი სამუშაოთი, ანდა თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე.