"მას შემდეგ, რაც აზიის ქვეყნებში დავდგი ფეხი, ევროპისადმი ინტერესი დავკარგე... 55 ლარად 4 დღე სტამბოლში ვიყავი " - რას ჰყვება გოგონა, რომელმაც უკვე 48 ქვეყანაში იმოგზაურა
"თუ სწორად დაგეგმავ, იმაზე ნაკლები ბიუჯეტით შეძლებ მოგზაურობას, ვიდრე წარმოიდგენ. მაგალითად 55 ლარად 4 დღე სტამბოლის მოგზაურობაში ვიყავი და დაბრუნებულს ხურდა ჩამომყვა" - ამბობს მარიამ სეხნიაშვილი. მან უკვე 48 ქვეყანაში მოახერხა მოგზაურობა, უამრავი შთაბეჭდილებები დაუგროვდა და განსაკუთრებულად საინტერესო ამბები ჩვენც გაგვიზიარა...
- მარიამ, გაგვეცანით, გვიამბეთ თქვენზე...
- მე ვარ - მარიამ სეხნიაშვილი. მოგზაური, ბლოგერი, ბლოგერი, ფრილანსერი...
- ბავშვობაში თუ იმყოფებოდით საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და გამორჩეულად რომელი გახსოვთ?
- ბავშვობაში მოგზაურობა და ახალი ადგილების აღმოჩენა სულ მიზიდავდა. ხშირად ვუყურებდი შემეცნებით, ძირითადად სამოგზაურო თემატიკის გადაცემებს. ხშირად წარმოვიდგენდი ჩემს თავს იმ ადამიანების ადგილას, ვინც საოცარ ამბებს ჰყვებოდნენ და მინდოდა მათ ადგილას მეც ვყოფილიყავი. ბავშვობაში სამწუხაროდ მხოლოდ სასკოლო ექსკურსიების საშუალებით თუ ვნახულობდი საქართველოს სხვადასხვა კუთხეს.
- საზღვარგარეთ სად წახვედით პირველად?
- პირველად საქართველოს საზღვრები როდესაც დავტოვე, სამოგზაურო ხასიათის არ იყო. ვილნიუსში ერთ-ერთ პროექტში ვიღებდი მონაწილეობას. დღემდე ლიეტუვა ჩემი პირველი სიყვარულია და ახლო პერიოდში აუცილებლად დავბრუნდები, ამჯერად როგორც ტურისტი. რაც შეეხება მოგზაურობის მხრივ პირველად თურქეთში წავედი, ტურისტულად. სტამბოლი და კაბადოკია მოვინახულე და საოცარი შთაბეჭდილებებით დავბრუნდი. მას შემდეგ სტამბოლში კიდევ ბევრჯერ დავბრუნდი, იმდენად შემაყვარა თავი.
- ევროპაში მოგზაურობა, განსაკუთრებული ადგილები და დღეები გაგვიზიაროთ...
- ევროპაში მოგზაურობა ჩემი შემდეგი ნაბიჯები იყო. განსაკუთრებით მახსოვს 5 ქვეყნის ტური რომ მოვაწყე ერთი გასვლით. გერმანია, ჩეხეთი, ავსტრია, სლოვაკეთი და უნგრეთი. მოგზაურობა ახალი დაწყებული მქონდა და ერთიანად ამდენი ემოცია ძალიან შთამბეჭდავი იყო. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ფრენები დიდად არ მიყვარს, ამიტომ ვამჯობინებ ერთი გასვლით რამდენიმე ქვეყანა მოვინახულო და შედარებით დიდხნიანი მოგზაურობები მქონდეს, ასე ფრენების რაოდენობას ვამცირებ. აი მაგალითად ასე მოვინახულე ერთი გასვლით ჰოლანდია, საფრანგეთი, ბელგია...
პორტუგალია გასულ წელს ბალკანეთის ქვეყნებს ვეწვიე მსგავსი პრინციპით, ევროპის ქვეყნებიდან რაც მქონდა დარჩენილი ერთი გასვლით მოვინახულე. ჩავედი ერევანში იქიდან გადავფრინდი ბულგარეთში და შემდეგ ავტობუსით გავაგრძელე გზა, მოვიარე ბალკანეთის ქვეყნები და ჩავედი ავსტრიამდე. ძალიან მხიარული, დატვირთული და ემოციებით აღსავსე ტური გამოვიდა. ევროპიდან ალბათ მაინც პორტუგალიას გამოვყოფდი, რადგან ჩემთვის ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია. აქ კიდევ საოცრად პოზიტიური და სტუმართმოყვარე ხალხი დამხვდა. ეს ყველაფერი სანახაობებთან ერთად ორმაგად ავსებდა ჩემს შთაბეჭდილებებს ამ ქვეყნის მიმართ.
- შრი-ლანკა, ვიეტნამი, ჩინეთი, აფრიკის ქვეყნები... რა იყო ამ ქვეყნებში ყველაზე გასაკვირი თქვენთვის?
- აზია და აფრიკა საკმაოდ დიდ ეგზოტიკას გვთავაზობს. მას შემდეგ რაც პირველად დავდგი ფეხი აზიის ქვეყნებში, გამოგიტყდებით და ევროპისადმი ინტერესი დავკარგე. განსხვავებული კულტურა, განსხვავებული გარემო და სამზარეულო. ყველაფერი იმდენად უცხო და მრავალფეროვანი აღმოჩნდა, რომ ვერ ამოწურავ. და ასევე ურთიერთობები, ევროპაში ნაკლებად გრძნობ ადგილობრივებისგან ყურადღებას და ცოტა ცივი ხალხია. აზიაში მსგავსი რამ არ მიგრძნია. მაგალითად ჩინეთში მოგზაურობისას ხალხი ისეთი დიდი სიყვარულით გვხვდებოდა, მოდიოდნენ ჩვენთან ფოტოს იღებდნენ და სულ ცდილობდნენ რამით პატივი ეცათ. უხაროდათ ტურისტის დანახვა, რაც ვფიქრობ ნამდვილად სასიამოვნო ფაქტია. საერთოდ სხვა აურაა და ცხოვრების სტილი, რომელიც მე ძალიან მომეწონა.
რაც შეეხება აფრიკას, აქ კიდევ უფრო გამძაფრებულად დამხვდა ეს ყოველივე.თავიდან მქონდა იმის განცდა, რომ მივდიოდი აფრიკაში შესაძლოა არც თუ ისე უსაფრთხო ყოფილიყო იქ, მაგრამ გაოცებული დავრჩი. ღამით ქუჩაში სიარული ევროპაში უფრო საფრთხილოა ვიდრე აფრიკაში ( უბნებს და ქალაქებსაც გააჩნია ალბათ) მაგრამ სადაც მე ვიყავი, ღამით გარეთ გასულს ადგილობრივები რომ მხვდებოდნენ, სულ მეკითხებოდნენ როგორ ვარ, რამე ხომ არ მჭირდება და შემდეგ მათი საფირმო სიტყვით: “კარიბუ” (კეთილი იყოს შენი მობრძანება) მემშვიდობებოდნენ. აფრიკა არა მისმა გასაოცარმა ადგილებმა (საფარი, ზღაპრული ოკეანის სანაპიროები), არამედ ხალხმა შემაყვარა, ორმაგად.არ მეგონა, აფრიკა ასე თუ ამომატრიალებდა შიგნიდან.მოგზაურობა ყოველთვის რაღაც ახალს მაძლევს, მაგრამ აფრიკამ სხვა რიტმში ამამოძრავა.
კამბოჯა შევჩერდი, დავაკვირდი, მოვუსმინე საკუთარ თავსაც და გარემოსაც. დავფიქრდი იმ ღირებულებებზე, რომლებიც თითქოს სულ მქონდა, მაგრამ ბოლომდე არასდროს გამითავისებია. აქ კი თითქოს ყველა შეგრძნებამ ერთდროულად ამოხეთქა. ყველაზე ძლიერად ეს კილიმანჯაროს დილამ მაგრძნობინა. გავიღვიძე უჩვეულოდ მშვიდ გარემოში, მოვიმზადე გემრიელი აფრიკული ყავა, ჩამოვჯექი და გავჩუმდი. წინ - კილიმანჯარო, მზის ამოსვლა. მისი წითლად შეფერილი, თოვლიანი მწვერვალი თითქოს ლაპარაკობდა. ჰემინგუეი გამახსენდა... მისი ერთი ისტორია, რომელიც წლებია ვიცოდი, მაგრამ პირველად ვიგრძენი ბოლომდე. თითქოს ჩემთვის იყო დაწერილი. მიხვდი, რამდენი რამ მაქვს ჯერ კიდევ მოსაყოლი. რამდენი გზა გასავლელი, რამდენი მიზანი დასახული... და რამდენჯერ მითქვამს საკუთარი თავისთვის: "მერე". მაგრამ "მერე" შესაძლოა არასდროს დადგეს. ოცნებები და მიზნები კილიმანჯაროს თოვლივითაა: ისინი თვითონ არ ჩამოვლენ ჩვენთან .არც შემთხვევით აღმოვჩნდებით მწვერვალზე. უნდა დავიწყოთ დღესვე. ნაბიჯ-ნაბიჯ სვლა. და რაც ყველაზე მთავარია: სათქმელი უნდა ითქვას მაშინვე, როგორც კი იგრძნობ. რადგან ხვალ შეიძლება უკვე გვიანი იყოს...
კილიმანჯარო - ამ ქვეყნებში სადმე თუ შეგხვდათ რამე ქართული, ან ქართველები?
- კი, ქართული ბევრგან შემხვედრია, ასევე ქართველებიც და ნამდვილად აღსანიშნავი და სასიამოვნო ფაქტია, როდესაც იგებდნენ მათ ქალაქში ვიყავი, რომ მეხმიანებოდნენ. ასე გავიცანი უსაყვარლესი წყვილი საიგონში (ვიეტნამში) და აფრიკაში ქართველი გოგო, რომელთან ერთადაც დაუვიწყარი თავგადასავლები გადამხდა თავს...
- 48 ქვეყანას იყავით, სადმე თუ ყოფილა სახიფათო მომენტები?
- სახიფათო მომენტები ნაკლებად მახსენდება. ალბათ ყველაფერს თუ კარგად დაგეგმავ და წინასწარ მოიძიებ ინფორმაციას იმ ქვეყნის და ადგილის შესახებ სადაც მიდიხარ, მსგავს სიტუაციებში ნაკლებად აღმოჩნდები. თუმცა რაღაც დოზით გამართლებაცაა. ერთადერთი სახიფათოს ვერ დავარქმევ, თუმცა ყველაზე მძაფრად უარყოფითი გამოცდილება კაიროში მქონდა. ვინც ნამყოფია ალბათ დამეთანხმება, რომ ქალაქში გადაადგილება და ადგილობრივებთან ურთიერთობა ცოტა ექსტრემთანაა დაკავშირებული. ძალიან ხისტი და მოურიდებელი ხალხია.
აი კურიოზული ამბები კი ბევრი ყოფილა, მაგალითად მოუპარავთ ჩემი გამოძახებული ტაქსი ტუკ-ტუკი, ბილეთი არ გამიტარებია და შემდეგ მთელი მატარებლის ვაგონი ჩვენს გადასარჩენად, გაჩერებებზე დარბოდნენ და ვალიდაციას აკეთებდნენ, რადგან ჯარიმა არ გადაგვეხადა. აღმოჩენილა რომ ავტობუსი რეისიდან მოიხსნა და მომიწია 6 საათი, 40 გრადუს სიცხეში და მტვერში კონდიციონერ გაფუჭებული და კარებ გააღებული სხვა ავტობუსით მემგზავრა, საზღვარი ბაზრის გავლით გადამიკვეთავს და კიდევ უამრავი თავგადასავალი, რომელიც დაუსრულებლად შემიძლია მოვყვე.
ტაილანდი - უმეტესობა ფიქრობს, რომ ამდენი მოგზაურობა დიდ თანხებს ითხოვს. რას ურჩევდით მათ, ვისაც მწირი ფინანსები აქვს?
- კი გეთანხმებით ჩემთვისაც ძალიან ხშირად უთქვამთ მსგავსი რამ. უკვე აღვნიშნე და კიდევ გავიმეორებ, თუ სწორად დაგეგმავ, იმაზე ნაკლები ბიუჯეტით შეძლებ მოგზაურობას, ვიდრე წარმოიდგენ. მაგალითად 55 ლარად 4 დღე სტამბოლის მოგზაურობაში ვიყავი და დაბრუნებულს ხურდა ჩამომყვა. ასე რომ მთავარი მონდომებაა და ყველაფერია შესაძლებელი, ბიუჯეტურად მოგზაურობის უამრავი ხერხი არსებობს. ასევე ყოველთვის აღვნიშნავ იმ ფაქტს, რომ პრიორიტეტების ამბავია, თუ გინდა მოგზაურობით სავსე ცხოვრება გქონდეს ცხოვრებაში პრიორიტეტები სწორად უნდა გადაანაწილო. მე ასე ვიქცევი, თუ გამომივიდა, სხვასაც გამოუვა.
ისლანდია - ამდენი მოგზაურობისას რა აღმოაჩინეთ, რაც საქართველოში ამა თუ იმ ქვეყანაზე ნაკლებად იციან?
- საქართველოს თითქმის ყველგან ცნობენ, ერთადერთი აფრიკაში იყო რომ მიწევდა მისი ადგილმდებარეობის შესახებ ამეხსნა, თუმცა ყველასთან არა. ბევრ ქვეყანაში, ევროპას არ ვგულისხმობ, ქართული სიტყვებიც კი იცოდნენ მაგალითად შრი-ლანკაში შემხვდა ადამიანი, რომელმაც საკმაოდ ბევრი ქართული სიტყვა იცოდა. ძალიან გამიხარდა, თან გამიკვირდა.
- სამომავლოდ რომელ ქვეყნებში აპირებთ მოგზაურობას?
- გეგმები ძალიან ბევრია, თუმცა ბოლო დროს ძალიან ბევრი მეფიქრება ჩრდილოეთზე. ევროპა, აზია, აფრიკა, უდაბნო, ტროპიკები, - ვნახე, მიუხედავად იმისა რომ ისლანდიაში ნამყოფი ვარ, გეზს ალბათ არქტიკული რეგიონისკენ ავიღებ ამჯერად.