სულ ვიდეოების რაოდენობა 11

ლუკა კურტანიძის დაკავების ფაქტზე შსს განცხადებას ავრცელებს

27-07-2025, 20:49
2 456

პარლამენტის ყოფილი წევრი, ვეტერანი მოჭიდავე ლუკა კურტანიძე დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.


როგორც შსს-ში აცხადებენ, ლუკა კურტანიძე დაკავებულია ოჯახში ძალადობისა და დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების, ვალდებულებების შეუსრულებლობის ბრალდებით.


კურტანიძე დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა და 381-ე პრიმა მუხლების შესაბამისად.


დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომლის მიხედვითაც, ლუკა კურტანიძემ ყოფილ მეუღლეს, ხათუნა მაქაცაძეს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.


ლუკა კურტანიძის დაკავების ფაქტზე შსს განცხადებას ავრცელებს.


„შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახში ძალადობისა და დამცავი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ბრალდებით, 1972 წელს დაბადებული ე.კ. დააკავეს.


დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დაარღვია სასამართლოს მიერ, მის მიმართ გამოცემული დამცავი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულება – კომუნიკაცია დაამყარა ყოფილ მეუღლესთან და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.


სამართალდამცველებმა ე.კ. ბრალდებულის სახით დააკავეს.


გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა და 381-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს,“ – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

რეკომენდირებული