მარტოობა დასრულდა, მარტო აღარ ვარ, არსებობს ერთი ადამიანი…“ (ფოტო)
რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია მომღერალი, ნინი ბადურაშვილი, რომელმაც გადაცემაში უამრავ საინტერესო თემაზე ისაუბრა.
შენ ისეთ ოჯახში დაიბადე, სადაც ყველა ვარსკვლავი იყო… გაიხსენე შენი ბავშვობა, პირველი წარმატება…
ჩემმა ნათლიამ, თამრიკო ჭოხონელიძემ მიამბო, რაღაც კონცერტი იყო და მე რატომ არ ვმღერი-მეთქი, ვუთხარი, ჰოდა, გამიყვანეს სცენაზე და ვიმღერე. ასევე კარგად მახსოვს „ბასტი ბუბუს“ პერიოდი. სულ მინდოდა ამ პროფესიის არჩევა. 24 საათი მუსიკა მქონდა ჩართული. სხვა პროფესია არასდროს მნდომებია. მიუხედავად იმისა, რომ სამსახიობო ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული, მაინც უფრო მეტად ჩემს პროფესიად სიმღერა მიმაჩნდა.
თეატრიდან ბევრი შემოთავაზება მქონდა, მაგრამ უარი ვთქვი. შეიძლება, რაღაც პროტესტი მქონდა, თითქოს თეატრი დედას მართმევდა. ჩემს შვილსაც არ უნდა მომღერლობა. ზოგადად, როდესაც ასეთ ოჯახში იზრდები, ყველას ჰგონია, რომ ლანგარზე გაქვს მორთმეული ყველაფერი, თუმცა ეს ასე არ არის. ბევრს ვმეცადინეობდი და რა ქულებიც მივიღე, ყველაფერი დამსახურებულად იყო. იყო, რა თქმა უნდა, პატარ-პატარა როლები კინოშიც. აი, ახლა, თქვენს ეთერში ვიტყვი, 25 ივლისს, ბათუმში, დახურული ჩვენება იქნება და შემდეგ თბილისშიც იქნება ფილმის პრემიერა, რომლის რეჟისორიც მამაჩემია. მახსოვს, 13 წლის ვიყავი, რაღაც გადაღება იყო და გამომაცხადეს როგორც, ეკა კახიანის შვილი, ძალიან მეწყინა და გავბრაზდი, კულისებში ვიდექი და სწორედ მაშინ დავპირდი საკუთარ თავს, რომ ეს უკანასკნელი შემთხვევა იქნებოდა, სადაც ჩემი ოჯახის სახელით გამომაცხადებდნენ.