სულ ვიდეოების რაოდენობა 11

მოწმე პოლიციელი: აქციაზე პულივიზატორის ბოთლი მომხვდა, ვინ ისროლა არ ვიცი

8-07-2025, 14:39
10

პროევროპულ აქციებზე დაკავებული 8 პირის პროცესზე, მოწმის სახით დაზარალებულის სტატუსის მქონე პოლიციელი სანდრო ლოლაძე გამოიკითხა. 


პოლიციელი ამტკიცებს, რომ 3 დეკემბერს კეფაში აქციის მონაწილეების მხრიდან ნასროლი პულივიზატორის ბოთლი მოხვდა, თუმცა იქვე თქვა, რომ კონკრეტულად ვინ ესროლა, არ დაუნახავს.


თბილისის საქალაქო სასამართლოში სინდისის პატიმრების, ზვიად ცეცხლაძის, ვეფხვია კასრაძის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის, თორნიკე გოშაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძისა და ინსაფ ალიევის პროცესი დახურულ კარს მიღმა, ტელეკამერების გარეშე მიმდინარეობს. 

კითხვაზე, დაუნახავს თუ არა ამ ლოკაციაზე ბრალდებულთაგან ვინმე, აღნიშნა, რომ კონკრეტულად ვერავის გამოარჩევს.


 „3 დეკემბერს ვიყავი აქციაზე, 9 აპრილის ქუჩაზე. თავდაპირველად აქცია იყო მშვიდი, შემდეგ კი მონაწილეები გახდნენ აგრესიულები, ისროდნენ ნივთებს, კვერცხში ჩასხმულ საღებავებს, ბოთლებს შიგნით ჩაყრილი ქვებით. 

შემდეგ მოვიდა გდდ და ჩაგვანაცვლა. 2-3 საათის შემდეგ ჩავიარეთ 9 აპრილის ქუჩა, სადაც ყველაფერი იყო დამწვარი, ეყარა ნაგვის ყუთები. გავჩერდით გდდ-ის უკან [დაახლოებით, ქაშვეთთან], იყო ისევ აგრესია, მძიმე საგნების სროლა. იყო მოწოდებები მათი მხრიდან - „ესროლეთ, არ გაჩერდეთ”... ვცდილობდით, აგვერიდებინა ეს ნივთები. 

ამ დროს პულივიზატორის ბოთლი მომხვდა კეფაში. აქციის მონაწილეების მხრიდან ნასროლი ნივთი იყო. კლინიკაში გადამიყვანა ჩემმა თანამშრომლებმა, სამსახურებრივი მანქანით. 

ვერ დავინახავდი, ვინ მესროლა, ბევრი ხალხი იყო, პიროტექნიკასაც ისროდნენ და შეუძლებელი იყო დანახვა", - განაცხადა მან. 


სხდომაზე ამ წუთებში, ჩვენებას 112-ის იურიდიული სამსახურის უფროსი თამარ ჭანტურია აძლევს - ჭანტურიას მტკიცებით, 62 785 ლარი შეადგინა იმ ზარალმა, რაც 112-მა 30 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით მიიღო. მისი თქმით, დაზიანებულია მათ შორის ავტომობილებიც. 


როგორც ჭანტურაიამ განმარტა, დაზიანებული ნივთები ძირითადად, დამწვარია, ასევე აქვს მექანიკური დაზიანებები - სხვადასხვა საღებავი შესხმული და ა.შ.


ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.


ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

რეკომენდირებული