წამებით მაიძულეს“, - თბილისში დაკავებული 19 წლის ბრიტანელი ქალი დუმილს არღვევს
ბრიტანეთის მოქალაქეს, ბელა მეი ქალის (Bella May Culley) 19 წელი მეხუთე პენიტენციურ დაწესებულებაში შეუსრულდა. ის ჯერ კიდევ 18 წლის იყო, მაისის დასაწყისში პოლიციამ თბილისის აეროპორტში რომ დააკავა. მას ბარგში 12 კილოგრამამდე „მარიხუანა“ და 2 კილოგრამი „ჰაშიში“ აღმოუჩინეს.
მიუხედავად ადვოკატის შუამდგომლობისა, რომ პატიმრობა, 50 000 ლარიანი გირაოთი შეეცვალა და ის სასამართლო დარბაზიდან გაეთავისუფლებინა, 1 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა კალიჩენკომ, ბელა მეი ქალი კვლავ პატიმრობაში დატოვა.
მოსამართლემ თქვა:
„ახალი დანაშაულის ჩადენის რისკები სახეზეა, საფრთხეები არ განეიტრალებულა. პირი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ამ რისკების პირობებში მიმალვის საფრთხეც არსებობს, რადგან ეს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულია. სასამართლო თვლის, რომ გირაოს გამოყენების საფუძველი არ არის. პატიმრობა რჩება ძალაში“.
რას ედავებიან ბრიტანეთის მოქალაქეს და რას ითვალისწინებს ეს დანაშაული?
ბრალდების თანახმად, აეროპორტში, ტაილანდიდან ჩამოსული 18 წლის ბრიტანეთის მოქალაქის ბარგის შემოწმებისას, მის სამგზავრო ჩანთაში აღმოაჩინეს 12 კილოგრამამდე „მარიხუანა“ და 2 კილოგრამი „ჰაშიში“. ისინი ჰერმეტულად დაფასოებულ პაკეტებში იყო გადანაწილებული.20გამოძიება მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შენახვასა და რეალიზაციას ედავება (გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 273 პრიმა მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს). ეს სისხლის სამართლის დანაშაულია, რის გამოც დაკავებულ გოგოს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ელის.