დედისთვის მძიმეა... ავარიის შემდეგ ვერ მეტყველებენ, საერთოდ ვერ მოძრაობდნენ, ახლა კი..." - როგორია ოსიაური-ხაშურის მონაკვეთზე დაშავებული დების მდგომარეობა, რომლებიც თვეებია, თურქეთში მკურნალობენ
მთელი საქართველო გულშემატკივრობს გასული წლის ოქტომბერში ავარიის შედეგად დაშავებულ დებს, ნიაკოს და თათულის. მათი ამბავი ყველამ გულთან მიიტანა და ყველა ელოდება ულამაზესი გოგონების სრულად გამოჯანმრთელებას.
უმძიმესი ავტოავარია 2024 წლის 12 ოქტომბერს, ოსიაური-ხაშურის მონაკვეთზე მოხდა. 15 წლის ნიაკოს და 8 წლის თათულის მსუბუქი ავტომობილი იმ დროს დაეჯახა, როცა ბავშვები ექსკურსიის მარშრუტკიდან ჩამოვიდნენ და გზაზე გადასვლას ცდილობდნენ. ძალიან მძიმე იყო ბავშვების მდგომარეობა, უგონო მდგომარეობაში მყოფები სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეს, არა ერთი ოპერაცია დასჭირდათ და მთელი საქართველო ლოცულობდა მათთვის. უფლის წყალობით და ქართველი ექიმების დამსახურებით, გოგონების მდგომარეობა ნელ-ნელა გაუმჯობესდა და სასწაულად გადაურჩნენ სიკვდილს. ეს არ იყო ადვილი, გოგონებმა სამი თვე კლინიკაში გაატარეს.
გოგონების დედა, სოფიო ხარშილაძე სოციალურ ქსელში პერიოდულად ავრცელებს ინფორმაციას ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და ექიმებს გაწეული შრომისთვის, პროფესიონალიზმისთვის მადლობას საჯაროდ ხშირად უხდის.
გოგონების დასახმარებლად მაშინ სრულიად ერი გაერთიანდა, ემიგრანტების და საზოგადოების დიდი ნაწილის წყალობით, საკმაო თანხები მოგროვდა იმისთვის, რომ შემდგომი რეაბილიტაციისთვის ისინი თურქეთში, კლინიკაში გადაეყვანათ. ნიაკო და თათული 5 თვის წინ ჩავიდნენ თურქეთის კლინიკაში, იქაც არა ერთი ოპერაცია ჩაუტარდათ, მაგრამ როგორც დედა ამბობს, კიდევ დარჩა რამდენიმე ოპერაცია გასაკეთებელი, ისინი დღემდე იბრძვიან გამოჯანმრთელებისთვის და მართლაც ურთულესი დღეები გამოიარეს.
გოგონების დედა, სოფიო ხარშილაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ შედეგი თვალში საცემია და ახლა მოუთმენლად ელოდება თათულის და ნიაკოს სრულად გამოჯანმრთელებას.